სიმართლე გითხრათ, წინა პოსტს რომ თვალს შევავლებ ცუდად ვხდები:) სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არ მომწონს და ფურცელზე ნაწერი რომ იყოს, აუცილებლად დავხევდი, რაც მართლა არასდროს გამიკეთებია. ყველაფერი შენახული მაქვს, ჩემსა და თამოს შორის მიმონაწერი უაზრო წერილებიც კი ჯამაკაშვილის გაკვეთილზე
რა უაზრობა იყო მართლა, მაგრამ მაშინ როგორ მოგვწონდა გაფანატება ვიღაცა შოთაებზე და ლევანებზე, მერე მათი ფეხის ნაკვალევის დევნა და ათასი რაღაც კიდევ
მოკლედ, ყველაფერი ყველაფერი შენახული მაქვს.
ამ ბოლო დროს დამჩემდა, ვწვები 3 საათისთვის, ვანთებ საწოლთან “ნაჩნიკს” და ისევ ვწერ:) ოღონდ ვწერ ყველანაირ სისულელეს, რაც თავში მომივა, სხვა წერასთან დაკავშირებული არაფერი გამომდის, მგონი ჩემთვის წერა საერთოდაც ასაკობრივი იყო, ასე ვთქვათ მოვიხადე და ამით ვეღარ დავვაადდები. “ნაჩნიკის” შუქზე ჩემს ჩრდილს ვუყურებ და უცხო ადამიანივით აღვიქვამ, ამას მივეჩვიე კიდეც, ნამდვილად ასეა, ბოლო თვეებია ჩემს სხეულში უცხო ადამიანი შემოსახლდა და ვერავინ ამჩნევს.
სწავლა ხვალ შუადღეს მეწყება. ამჯერად “თანამედროვე თეატრი და გლობალიზაცია” ავირჩიე, ჯაზმა კარგად დამამახსოვრა თავი და იმედია ეს საგანიც თავს შემაყვარებს, მოკლედ, ერთი სული მაქვს ხვალინდელი შუადღე მოვიდეს. უკვე მერამდენედ უნდა დავიფიცო, ამიტომ არც დავიფიცებ და არც პირობებს დავდებ, რომ ორშაბათიდან კარგად ვისწავლი
მგონი ასე ჯობს, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ჰო, ამას გარდა მოემის “თეატრი” დავიწყე, მაგრამ არ ვიცი ინგლისურად წიგნს როგორ წავიკითხავ, იმიტომ რომ მეჩვენება, ან ძალიან მშრალი და უემოციო ჩანს ინგლისური ლიტერატურაში. ქართულს რაც შეეხება, ჭილაძე გვერდზე გადავდე, წარმოუდგენელია, მაგრამ ვერ მოვიხიბლე, ძალიან მწყინს ამას რომ ვამბობ.. ყველაფერს კრიტიკული თვალით ვუყურებ, რა მჭირს არ ვიცი, ისე უცებ ვაკრიტიკებ და ისე უცებ ვუსვამ ხაზს ყველაფერს, რომ თვალსაც არ ვახამხამებ, იდეალურის ცნება მკვდარია ჩემთვის!
არც ჩემი მარტია იდეალური, თუმცა ცუდი არაფერი მომხდარა, მივდივართ, მივდივართ ისევ ისე ჩვეულებრივად, უბრალოდ ცოტა რომანტიკა და მგრძნობელობა შემომაკლდა ხასიათში, თორე ისევ ის ვარ, ისევ ისე მომწონს ფერადი ნახატების შეგროვება, ისევ ისე ვუსმენ Pink Floyd–ს, ისევ ისე მიყვარს ნაჩუქარი ყვავილები, ჩემს შეღებილ თმასაც არა უშავს, სარკიდან უცხო გოგო აღარ შემომყურებს (ამაზე გამახსენდა, დღეს ვუყურე “Faces in the Crowd” მილა იოვოვიჩი არაჩვეულებრივად თამაშობს და ძალიან საინტერესო ფილმია, გირჩევთ) და ასე შემდეგ და ა.შ. : )
ჩემი მარტი
March 4, 2012 by თიკი



















































